ქვეყანა, რომელსაც აქვს 31-ე ქარხანა, მარიხუანის ექსპორტზე არ უნდა ფიქრობდეს – ბექა ნაცვლიშვილი 

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის ექსპორტირებას ისეთი ქვეყნები მიმართავენ, რომლებსაც განვითარებული აქვთ სხვა დარგები, ან უბრალოდ სხვა პერსპექტივა არ აქვთ. ხოლო საქართველოს, რომელსაც აქვს თვითმფრინავების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება და აქ არსებობს 31-ე ქარხანა, არ უნდა სჭირდებოდეს მარიხუანის ექსპორტის განვითარებაზე ფიქრი.

​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთვარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​​დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოს არ სჭირდება მარიხუანის ექსპორტირება, საქართველოში უამრავი სამედიცინო დანიშნულების აუთვისებელი მცენარეა, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და მათზე მოთხოვნა არსებობს. ასევე, სოფლის მეურნეობაში არსებობს უამრავი აუთვისებელი მიწა და ამ მიმართულებით ქვეყანას ბევრი აქვს სამუშაო.

“ეკონომიკური საქმიანობის ამ ფორმას ისეთი ქვეყნები მიმართავენ, რომლებსაც განვითარებული აქვთ სხვა დარგები, ან უბრალოდ სხვა პერსპექტივა არ აქვთ. ქვეყანას, რომელსაც აქვს მაგალითად, 31-ე ქარხანა და ამ მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შექმნის ათწლეულების გამოცდილება, ცოტა გასაკვირია, რამდენად უპრიანია იმ მიმართულებით განვითარება, რასაც ჰქვია კანაფის ექსპორტირება. ამასთანავე ბუნდოვანია, რა ფორმით უნდა მოხდეს მისი გადამუშავება, ეს სფერო სახელმწიფო მონოპოლიის ქვეშ იქნება, თუ გაიცემა ლიცენზიები და ა.შ. რა ფორმით მოხდება მისი რეალიზაცია ჯერჯერობით ცხადი არ არის და მიჭირს ამ ეტაპზე პოზიციის გამოხატვა. ჩვენ, პირველ რიგში, სხვა დარგების განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ – ინდუსტრიის, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოფლის მეურნეობაში უამრავი აუთვისებელი სივრცე გვაქვს. ტრადიციულ მედიცინაზე თუ ვსაუბრობთ, ამ მიმართულებით საქართველოში არის უამრავი მცენარეა, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა  საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც სამედიცინო დანიშნულების მცენარე და რომელზეც მოთხოვნა არსებობს და ამ მიმართულებით შეგვეძლო ნაბიჯების გადადგმა. სანამ მკაფიო არ იქნება მთავრობის განზრახვა, მიჭირს პოზიციის გამოხატვა”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, შსს-მ აითვისა ის სივრცე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დატოვა და მოახდინა წესების მკაცრი რეგლამენტირება.

დეპუტატის თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რამდენად მკაცრად აღსრულდება შსს-ს მიერ წარმოდგენილი წესები და იმედოვნებს, რომ ქვეყანა შეძლებს კანონით გათვალისწინებული ამ ნორმების ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარებას.

მსგავსი თემები