“ქვეყანაში კვალიფიცირებული მეტყევეები არ არსებობენ” – ეროვნული სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტო მეტყევე სპეციალისტების გადამზადებას იწყებს. სპეციალურად მომზადებული სასწავლო კურსის მიხედვით სატყეო საქმის სპეციალისტები სამთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ გაივლიან, რომლის დასრულების შემდეგ ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან.

როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ქვეყანაში დღეს, არ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მეტყევე, ვისაც შეუძლია, როგორც საველე სამუშაოების ჩატარება, ასევე, ტყის მართვის გეგმების მომზადება.

“ტყის ინვენტარიზაცია, ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს, მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია, თუმცა, უკანასკნელი ტყის ინვენტარიზაციის მასალები ქვეყანაში 1997 წლით თარიღდებოდა,”- აცხადებენ სააგენტოში.

​მათივე თქმით, პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებულია ინფორმაცია, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის გეგმები, მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.

მსგავსი თემები