ქვეყანაში ექთნების მწვავე დეფიციტია, ერთი ექთანი 8 ექთნის ფუნქციას ასრულებს, რაც ხარისხზეც აისახება

საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე სოფლებში, ექთნების მწვავე ნაკლებობაა. თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ერთ ექიმზე 4 ექთანი უნდა მოდიოდეს, საქართველოს რეალობა მკვეთრად განსხვავებულია, 2 ექიმზე 1 ექთანიც არ მოდის. შედეგად, ერთი ექთანი გაცილებით მეტ პაციენტს ემსახურება, ვიდრე მას ფიზიკურად შეუძლია, რაც მომსახურების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პროფესიით ექიმი დიმიტრი ხუნდაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში კვალიფიციური ექთნების პრობლემა არსებობს და მოთხოვნა მიწოდების დისბალანსი აშკარაა.

„მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების დეფიციტი აშკარაა ქვეყანაში. სამედიცინო კადრების თვალსაზრისით, მოთხოვნა-მიწოდებაში მნიშვნელოვანი დისბალანსია. ექიმების რაოდენობა საკმარისზე მეტია, თუმცა, სახეზეა ექთნების დეფიციტი, ექთნების რაოდენობის შემცირება. წელიწადში, ჩვენს ქვეყანას დაახლოებით 300-350 ექიმის მიწოდება სჭირდება, თუმცა, ეს ციფრი რეალობაში 1800-მდე ადის. ექთნებთან დაკავშირებით კი საპირისპირო რეალობა გვაქვს. არსებული დეფიციტის აღმოსაფხვდრელად, წელიწადში, 1300-1400 ექთნის მომზადება გვჭირდება, თუმცა, დღეს ეს მაჩვენებელი 250-ს არ აჭარბებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ერთ ექიმზე 4 ექთანი უნდა მოდიოდეს, ჩვენთან კი 2 ექიმზე 1 ექთანიც არ მოდის, რაც ხარისხოვრივ მაჩვენებელზეც მოქმედებს და ერთ ექთანს იმაზე მეტი პაციენტის მომსახურება უწევს, ვიდრე მას შეუძლია“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

თუ ევროპის ქვეყნებს გადავხედავთ, საფრანგეთსა და გერმანიაში ერთ ექიმზე 3,3 ექთანი მოდის, შვეიცარიაში – 4,3-ია; ფინეთში – 4,8.

საქართველოში 100 000 მოსახლეზე 654 ექიმი მოდის, რაც ევროპულ მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს. კერძოდ, ევროპაში 100 000 მოსახლეზე 327 ექიმი მოდის.

არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა სისტემის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტიც მოამზადა, სადაც გაწერილია, კონკრეტული ქმედებები. დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციასა და დისბალანსს ეხება.

„კვალიფიციური ადამიანური რესურსების ნაკლებობა და მათი არათანაბარი გეოგრაფიული გადანაწილება მნიშვნელოვან ბარიერად რჩება ხარისხიანი სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ექიმებისა და ექთნების არაბალანსირებულმა თანაფარდობამ (1:0.67), ამ მონაცემით საქართველო ახლოსაც არაა ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელებთან… სახეზეა ექთნების სავალალო ნაკლებობა როგორც ქალაქად, ისე სოფლად. საგრძნობია ფართო პროფილის ექიმების ნაკლებობა, დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში კადრების დაბერების ტენდენცია და პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია. მდგომარეობს ამძიმებს მკვეთრი დისბალანსი ადამიანური რესურსის წარმოებასა და მოთხოვნას შორის. ასევე ეფექტურად ვერ ჩაითვლება დღეს არსებული ნებაყოფლობითი და ყოველგვარ ქმედით მოტივაციის მექანიზმებს მოკლებული უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემა, რომელიც ვერ აძლევს სამედიცინო პერსონალს ადეკვატური თეორიული ცოდნისა თუ კლინიკური უნარჩვევების განვითარების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ადამიანური რესურსის პრობლემას“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ეკა გულუა

მსგავსი თემები