“ქვეყანაში გვაქვს ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგებიც – გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელ სამი მსხვილი კომპანიის „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საუბარია სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე, განსაკუთრებულ მექანიზმებზე და ფასების სტაბილიზაციაზე, საქმე ეხება ბურღულეული პროდუქციის, ხორბლის ფქვილისა და ზეთის მხარდაჭერას, სხვა შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო შესყიდვებს, ისე საცალო ქსელს ადგილობრივი წარმოება მთლიანად ამარაგებს. მისივე თქმით, ქვეყანაში გვაქვს ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგებიც და გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება.

„სამომხმარებლო ბაზარზე საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ქართული წარმოებისაა. კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მარაგების საკითხი განვიხილეთ. ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. კომპანიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ერთი წლის მარაგები აქვთ და გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაშიც დეფიციტი არ შეიქმნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, სამინისტროში გამართული შეხვედრების მასშტაბები მცირდება. მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს ეტაპობრივად, მცირე შემადგენლობით შეხვდება.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები