“ჩემი ძვირფასი თბილისელებისთვის სიურპრიზი მაქვს” – ქეთი მელუას საჩუქარი თბილისს

თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.  ​

მომღერალი თბილისელი თაყვანისმცემლებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს: “მოგესალმებით ბრიტანეთიდან. ჩემი ძვირფასი თბილისელებისთვის სიურპრიზი მაქვს. ძალიან მიხარია, რომ სულ მალე, ჩემს ბენდთან ერთად შევხვდებით ევროპის მოედანზე, თბილისის ცის ქვეშ. მიყვარხართ და გელოდებით ყველას”.

ქეთი მელუას კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ქეთი მელუა ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქალაქ ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა.

1993 წელს, თბილისის  ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად ბელფასტში, ჩრდილოეთი ირლანდიაში გადავიდა, სადაც ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა. მისი უმცროსი ძმა კი პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთი და მისი ოჯახი დიდი ბრიტანეთში გადასახლდა.

2000 წელს, 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ სიმღერის კონკურსში და გაიმარჯვა. მას შემდეგ მისი სამომავლო გეგმები სრულიად შეიცვალა და  პოლიტიკოსობაზე მეოცნებე გოგონა, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი და მუსიკოსი გახდა. ქეთი უკრავს გიტარაზე, პიანინოზე და ვიოლინოზე.

მსგავსი თემები