ქეთევან ციხელაშვილმა ბავშვთა დაცვის დღე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

მინისტრმა ოჯახებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

„ვაგრძელებთ კამპანიას გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოფლებში, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. დღეს რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ ხურჩასა და ორსანტიაში. იმ ბავშვებს, ისევე როგორც თითოეულ ბავშვს საქართველოში, გამყოფი ხაზის აქეთ თუ იქით მხარეს, ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მთავარი, რაც უნდა ვისურვოთ ჩვენი შვილებისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და მშვიდობა, რომელიც აუცილებლად დადგება ამ სოფლებში, როდესაც მახინჯი დაბრკოლებები, მავთულხლართები და ღობეები, გაქრება მშვიდობიანად.

ჩვენ ამ კამპანიის ფარგლებში ახლა 3 მუნიციპალიტეტში, კერძოდ ზუგდიდში, წალენჯიხასა და მესტიაში, 272 ოჯახს დავეხმარეთ. მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს ბავშვთა ფონდს, ასევე საფრანგეთის საელჩოს, რომელიც დაგვეხმარა ამ დახმარების ორგანიზებაში. ეს არის ჰუმანიტარული პაკეტები პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების, რომლებიც ამ ოჯახებს გარკვეული პერიოდით მოამარაგებს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის გამოხატვა დღეს ჩვენი აქ ყოფნით, რასაც სახელმწიფო ახორციელებდა და აუცილებლად განახორციელებს მომავალშიც. იცით, რომ არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს სწორედ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებაზე და ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი თემები