ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კინო-ჩვენების “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩაშლის, მუქარის და აქციების დაანონსების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია ფილმის პრემიერის დროს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. განცხადებაში წერია, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადახ საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, მობილიზებულები იქნებიან სამართალდამცავები და როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კინოთეატრში შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

შსს თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მოუწოდებს ყველას კანონის მოთხოვნები დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.

“გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება სხვადასხვა განცხადებებს ფილმის ჩაშლასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძეს განცხადებით, პოლიცია ნებისმიერ სიტუაციაში პრევენციულ ზომებს მიიღებს. 

მსგავსი თემები