“ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური პასუხისმგებლობით დიდი საფასური გადაიხადა”- სიმონ ნოზაძე

“ქართულმა ოცნებამ” დიდი საფასური გადაიხადა, გადადგა პარლამენტის, ქვეყნის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი და უფლებამოსულება მოიხსნა ჩემთვის პატივსაცემმა დეპუტატმა, ბატონმა ზაქარია ქუცნაშვილმა,’- ამის შესახებ დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დეპუტატი თვლის, რომ ის ინცინდენტი, რომელიც მოხდა, მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ამ კონკრეტული ნაბიჯებით უნდა ამოწურულიყო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს კი შემაშფოთებლად მიიჩნევს:

“მე ვთვლი, რომ საზოგადოების პროტესტი ხელისულების ამ ნაბიჯებით უნდა ამოწურულიყო, მაგრამ რაკიღა მან გაგრძელება ჰპოვა, შეთავაზება, რომელც ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, რომ პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს არჩევნები, უკვე ქმნის იმ საფუძველს რომ პროცესები ჩაწყნარდეს და დარწმუნებული ვარ, პროცესები დაწყნარდება.

ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ, როდესაც ის ნიკა გვარამიასთან და ქალბატონ ეკა კვესიტაძესთან საუბარში ამბობს, რომ 2020 წლამდე არ უნდა მივიდეს საქმე, არჩევნებამდე არ უნდა მივიდეს საქმე. მეორე იყო, როდესაც მან განაცხადა, რომ თუ ქართველი ხალხი მოემზადება, 48 საათის განმავლობაში შემიძლია, საქართველოში ჩამოვიდეო. ამას ტყუილად არ ამბობდა, მან არ დაფარა უბრალოდ თავისი მოსაზრებები და მესამე, ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც უშუალოდ მიტინგის მიმდინარეობის დროს მან თქვა, რომ დაუკავშირდა სპეცნაზის ერთ-ერთ ხელმძღვანელს და მოუწოდა, არ დაემორჩილონ მინისტრის განკარგულებას, მოუწოდა პოლიციას, ხელისუფლების მოწინააღმდეგე მხარეს გადასულიყო და ა. შ. აქ ძალიან შემაშფოთებელი ის არის, რომ როგროც თვითონ განაცხადა და ალბათ ასეც სჯერა, თითქოს მინისტრმა მოუწოდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებისაკენ 50 წუთის წინ, მაგრამ სპეცნაზი არ დაემორჩილა, იმიტომ, რომ ეს მან უთხრა. ძალიან შემაშფოთებელია ეს ყველაფერი.

ევროკავშირის ელჩების განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა გამოიძიოს ძალის შესაძლო გადამეტების და ძალადობრივი ქმედების წაქეზების ფაქტი და ნუ გავაუბრალოებთ ამ ფაქტს. თუ სააკაშვილის ნათქვემს გავითვალისწინებთ, შემდეგ კი, ამ მოზაიკას დავაკავშირებთ იმ 400-500 კაცის მცდელობასთან, რომ ძალით შეეღწიათ პარლამენტში, სადაც “ოკუპირებული” ჰქონდათ პარლამენტის დარბაზი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს, ეს ყველაფერი ძალიან მაშინებს,” – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები