“ქართულმა ოცნებამ” დღემდე ვერ შეძლო “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება – ბექა ნაცვლიშვილი

 საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” დღემდე ვერ შეძლო “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ებრძვიან ცალკეულ პირებს და არა იდეოლოგიას.   

“რატომ ვერ დავამარცხეთ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღემდე არსებობს, როგორც პოლიტიკური ძალა, იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიას კი არ ვებრძოდით, არამედ  კონკრეტულ პიროვნებებს, ეს იყო ამოსავალი, – ეს დავიჭიროთ, ის დავიჭიროთ. კარგი დავიჭირეთ ერთი, მეორე სადღაც ჩაიმალა, შეიცვალა რამე? იდეოლოგია ვერ დავამარცხეთ, მათი მსოფლმხედველობა. მთავარი რა ყოფილა? მსოფლმხედველობის დამარცხება. თუ გინდა რეალურად რამე შეცვალო, უნდა დაამარცხო მავნე იდეოლოგია, რაც მათ გააჩნდათ. ვერ დავამარცხეთ, იგივე ლოგიკას მივყვებით, უბრალოდ ტექნიკურად შერბილებული ფორმით”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

​მისივე თქმით, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ქვეყანაში გატარდება, უნდა დაეფუძნოს სოლიდარობის პრინციპს, როცა ერთი ასაკობრივი ჯგუფი ზრუნავს მეორეზე, ანუ მომავალი თაობა ზრუნავს წინა თაობაზე. სხვა შემთხვევაში გაიზრდება მიგრაციის ტალღა. 

“რატომ შევთავაზე უმრავლესობას სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა. როდესაც ერთი ასაკობრივი ჯგუფი ზრუნავს მეორე ასაკობრივ ჯგუფზე, მომავალი თაობა ზრუნავს წინა თაობაზე, შვილები ზრუნავენ მშობლებზე. აქედან გამომდინარე, შვილები ავტომატურად ზრუნავენ თავის შვილებზე, იმიტომ, რომ იციან მათმა შვილებმა უნდა იზრუნონ შემდეგ მათზე, ეს საზოგადოებას კრავს და საზოგადოების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და მოთხოვნა პოლიტიკის მიმართ ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე ის, რომ ყველა თავის თავზე ზრუნავს. ამ პრინციპს თუ არ დაეფუძნება ეს რეფორმა, ვიღაცეები, ვისაც გაუმართლებს, დარჩებიან ამ ქვეყანაში და დანარჩენები იძულებული გახდებიან გაიქცნენ. ამ სისტემამ ამოწურა თავისი თავი. ეს საკითხები უნდა დადგეს დღის წესრიგში და არა ევროკავშირის დირექტივებით აღებული, რაღაც ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ იმ კომიტეტის თავმჯდომარე დღემდე”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მსგავსი თემები