ქართულმა ანდაზამ ჰააგაში დაიდო ბინა

ნიდერლანდებში, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა – “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო” ამოტვიფრეს. იდეა საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის განხორციელდა. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ, იმ ენებზე შეაგროვა წარწერები, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის. ასეთი წარწერა 33 ენაზე შეაგროვა, რომლებიც ქალაქის ახლადგასნილი გზის ტროტუარზე განთავსდა. ამგვარად მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში.

მათივე ინფორმაციით, ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.

აღნიშნულ ფაქტს მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბ LLL -ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია ეხმიანება, რომელიც უკვე წლებია თბილისის ცენტრში, ქართული წარწერის განთავსებას უშედეგოდ ითხოვს. 

“სადღაც, ნიდერლანდებში ქართულ სიტყვას აფასებენ და ჩვენთან აქ სამშობლოს გულში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღემდე არ არსებული ქართული სიტყვა, ვერ გაუმეტებიათ”, – აცხადებს იგი. 

ბესიკ ადამიას იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ​თავისუფლების მოედანზე სიტყვები “მამული, ენა, სარწმუნოება, თავისუფლება”, განთავსდეს. პარალელურად კი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ეიფელის კოშკის წინ, მშვიდობის კედელზე, მსოფლიოს 49 ენის გვერდით სიტყვა “მშვიდობა” ქართულ ენაზეც დაიწეროს.  აღნიშნულ კედელზე კავკასიური ენებიდან წარწერა, მხოლოდ სომხურ ენაზეა განთავსებული.  

მსგავსი თემები