“ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯართან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე.

„დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი სახეზე გვაქვს, ტერორიზმთან ბრძოლაში, როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც, სხვათაშორის, 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან. ახლა არ ვიცი ბოლო მონაცემები, დასრულდა თუ არა ეს ოპერაცია. იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი და ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი  ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრებაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მსახურობს და ამ პროცესში (ქართული კულტურის გატანაში) ისინიც უნდა იყვნენ ჩართული.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა.

მსგავსი თემები