ქართული პოლიციის ტექნოლოგიური დონე აუცილებელ ნორმებს ჩამორჩება – შს მინისტრი

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დეპუტატებს სისტემური განახლების კონკრეტული გეგმას აცნობს, როგორც მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, ქართული პოლიციის ტექნოლოგიური დონე არა მხოლოდ საერთაშორისო, აღმოსავლეთ ევროპის ნორმებსაც კი ჩამორჩება, რაც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია.

„სამინისტროში შემუშავებული იყო სისტემური განახლების კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს 3 მიმართულებას. ეს არის სტრუქტურული რეფორმები, შინაარსობრივი რეფორმები და საკანონდებლო ჩარჩოს დახვეწა. თითოეული მათგანი კონკრეტულ გეგმას მოიცავს. მაგალიათად, სტრუქტურული რეფორმების ძირითადი კომპონენტებია: კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრული პოლიციის რეფორმა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ადამიანის უფლებების კომპონენტის დაცვის გაძლიერება ცენტრალურ აპარატში. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, გამოწვევები ცოტა უფრო მძიმე გვაქვს და ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება. პრინციპულად მნიშვნელოვანია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, რაც პრევენციის ყველაზე სერიოზული ინსტრუმენტი უნდა გახდეს. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებიც, რამეთუ დღეს ჩვენი პოლიცია ტექნოლოგიური დონით იმ საერთაშორისო, აღმოსავლეთ ევროპის ნორმებსაც კი ჩამორჩება, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის აუცილებელია და რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსების მართვა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისივე განცხადებით, სამინისტროს 2018 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტულ საკითხებს შორის, სწორედ აღნიშნული მიმართულებები იქნება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან სისტემაში მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიოდ წარმოდგენილი, როგორც სოციალური გარანტიები, ისე ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები, რომ შეძლოს თავისი ცხოვრების დაგეგმვა და კარიერული ზრდა.
გახარიას თქმით, იგი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, პარლამენტს აქტიურად წარუდგენს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას.

მსგავსი თემები