“ქართული ოცნების” N1, N2 და N3 კოჰაბიტანტები ხალხისთვის უკვე ერთი ბუკეტია – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი მიესალმება მმართველი გუნდიდან დეპუტატების, გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის მათ ფრაქციაში გაწევრიანებას.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და მიხარია, რომ ამიერიდან მოგვეცემა საშუალება ვიმოქმედოთ, როგორც ერთი ფრაქციის წევრებმა, როგორც თანამოაზრეებმა და თანამებრძოლებმა მთელ რიგ საკითხებზე”, – აცხადებს ირმა ინაშვილი. 

იგი ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში შექმნას განწყობა, თითქოს ხალხი დაიღალა და სამართლიანობისთვის ბრძოლა აღარ აინტერესებთ და განწყობა “ანტინაცი” წარსულს ჩაბარდა.

“ძალიან პრიმიტიული წარმოდგენა გქონიათ ქართველ ხალხზე ამ მესიჯის ავტორებს. მანამდე, ისე, სხვა მესიჯებიც გვახსოვს, მაგრამ არავინ არაფერს შეგუებია და ახლა, ეს ქართველი ხალხი, ისეა გაბრაზებული ფიზიკური შიმშილისაგან და სიმართლის შიმშილისაგან, რომ ვის რა დაავიწყდა და რა- არა, ამას ერთად აჩვენებს ამ მესიჯის ავტორებსაც და სხვა ფიგურანტებსაც. ისე, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მარტო გოცირიძე- სააკაშვილის ნაცებს N1 და კახიძე- ბოკერიას ნაცებს N2 არ მოითხოვენ პასუხს. ხალხისთვის N1, N2 და N3 “ოცნების”  კოჰაბიტანტები უკვე ერთი “ბუკეტია”, – წერს ირმა ინაშვილი სოცილურ ქსელში. 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის დეპუტატებმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა, უმრავლესობის რიგები დატოვეს, ისინი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებში” გაწევრიანებას გეგმავენ. დეპუტატებმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის ბიუროს უკვე მიმართეს. 

მსგავსი თემები