“ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკაში საჭიროა საკადრო ცვლილებები – ზაქარია ქუცნაშვილი​​

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკაში საჭიროა ცვლილებები, საკადრო გადაადგილებები, ზოგი რგოლი ძალიან სუსტია, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო სტრუქტურებში. “თვითმმართველობებში ჩარევის უფლება მცირე გვაქვს, გარდა პარტიული მიმართულებისა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ   მთავარში“.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორემდე, მმართველმა გუნდმა ქართველი ამომრჩევლისგან სერიოზული შენიშვნები მიიღო და შეცდომები აღიარეს ყველამ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარით დაწყებული შტაბის ლიდერებით დამთავრებული.

“ეს შენიშვნები გაზიარებულია, არ ყოფილა ჯიუტი პოზიცია და უტიფრობა. ჩვენ მოვუბოდიშეთ საქართველოს მოსახლეობას. ხალხმა დაინახა, რომ მსახური ხელისუფლების ფილოსოფია დასაბრუნებელია წინა პლანზე და საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, დამაჯერებელ გამარჯვებას ველით, თუმცა ეს არ უნდა იქცეს ხალხის პრობლემებისგან მოწყვეტის მიზეზად”, – მიაჩნია ზაქარია ქუცნაშვილს.

როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, 28 ნოემბრის არჩევნებზე ხედავდა, რომ აქტიურობდნენ ასაკოვანი ადამიანები მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა გადაერჩინათ.

“მე, იმ ადამიანების ჯგუფს მივეკუთვნები, ვინც მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ხელისუფლების მიზანია თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობების შექმნა. ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის. ძველი კადრი შეძლებს ამ შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას თუ ახალი , ეს მათ ნიჭსა და უნარზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა იმაზე, რომ პრივილეგია ჰქონდეთ ახლებს ან ძველებს. სამართლიანმა შესაძლებლობამ უნდა შექმნას ასპარეზი. არ არის სწორი მიდგომა მხოლოდ ახალგაზრდები წინ და ძველები უკან. ყველა უწყებას განსხვავებული მოთხოვნები აქვს. გუნდის გადაწყობა აუცილებელია, ვიდრე გაწმენდა”,  – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, “ქართული ოცნების” მისამართით ოპოზიციის მხრიდან ისმოდა კრიტიკა, რატომ რეაგირებთ ხალხის მოთხოვნებზე, ამას აკეთებთ იმისთვის, რომ პირველ ტურში პირველ ადგილზე გახვედით, მაგრამ ვერ გაიმარჯვეთო.

“ხელისუფლება მაშინ არის სახლში გასაშვები, როცა ის ხალხის მოთხოვნებზე არ რეაგირებს. ეს გამოიხატება არჩევნების, რეფერენდუმის, მანიფესტაციის სახით. ხალხი არჩევნებში თუ შემოგილაწუნებს და არ მიიღებ, თუ რეფერენდუმს არ დაემორჩილები, გასაშვები ხარ სახლში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ დაიწყო რეაგირება. სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სოციალურ ნაწილშიც. 11 წელია ქვეყანა ცხოვრობს იმ სოციალური პოლიტიკით, რომ სიღარიბის დახმარებით ბენეფიციარი თუ დაიწყებს მუშაობას, დახმარება ეხსნებოდა. 11 წელი იცხოვრა ქვეყანამ ამ სისტემაში. სამი დღის სამუშაოს გამო ხშირად ეს ადამიანები კარგავდნენ 100 ლარიან სოციალურ დახმარებას. როგორც იქნე მივედით იქამდე, რომ ამ ადამიანებს სოციალური შემწეობა შევუნარჩუნოთ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მთავარში“.

 

მსგავსი თემები