„ქართული ოცნების“ კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გამარჯვებულია

 „ქართული ოცნების“  ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ  საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით,  პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.  მდინარაძის განცხადებით,  კლევით, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტნიორმა ორგანიზაციამ ჩაატარა, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს.

„კვლევების თანახმად, ე.წ. „ა“ ლოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან (შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას), საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქირდა: სალომე ზურაბიშვილი 27%, გრიგოლ ვაშაძე 10%, დავით ბაქრაძე 9%, სხვა კანდიდატები 6%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას – 48%.

ე.წ. „ა“ ლოკაციის მიხედვით კი, შედეგი შემდეგია – სალომე ზურაბიშვილი 53%, გრიგოლ ვაშაძე 19%, დავით ბაქრაძე 17%, სხვა კანდიდატები 11%“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე  ინფორმაციით,  კვლევა  მედიისა და საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გასაჯაროვდა.

„ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და მისი ღირსების დაცვა. აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლებითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისკენ იყო განწირული, ამასვე ადასტურებს ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის შედეგები. გამომდინარე იქიდან, რომ მაღალია მედიისა და საზოგადოების ინტერესი, მივიღეთ გადაწყვეტილება შიდა კვლევების გასაჯაროების შესახებ“,- აღნიშნა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები