პარტიის თავმჯდომარესთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გვქონია – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წევრებს, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონიათ, შეხვედრები ხშირად იმართება, თუმცა ბოლოდროინდელი პროცესების გამო, ამან კიდევ უფრო აქტიური სახე მიიღო. 

​როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ამ შეხვედრების მიზანია, საკუთარი მოსაზრებები, პრეტენზიები, მათ შორის სამომავლო გეგმები, პარტიის თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს გაუზიარონ.  

“პარტიის თავმჯდომარესთან და თანამდებობის სხვა პირებთან შეხვედრები პარტიაში, სხვადასხვა ფორმატებში ადრეც იმართებოდა. მათ შორის, ინდივიდუალური შეხვედრები რეგიონულ ჭრილშიც, ფრაქციის ან უმრავლესობის ფორმატში და პარტიის თავმჯდომარესთან. ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო ინტენსიურად ხვდება დეპუტატებს, მცირე ჯგუფებს. ამ შეხვედრების მიზანია, მაქსიმალურად გვქონდეს საშუალება, რომ ჩვენი მოსაზრებები, პრეტენზიები, მათ შორის სამომავლო გეგმები, პარტიის თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს გავუზიაროთ”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

​მისივე თქმით, მმართველ პარტიაში კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა. “ქართული ოცნების” ძველი და ახალი ხელმძღვანელობის პირობებშიც, ყოველთვის აქვთ საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება: “შესაძლებელია, არსებობდეს საკითხები, რომელთა სიმწვავის გათვალისწინებით საჭირო გახდეს მეტი კომუნიკაცია. ამაში ტრაგიკული არაფერია. როდესაც ქვეყანაში და მმართველ გუნდში არსებობს ღრმად გასაანალიზებელი საკითხები, ვერაფერს ვხედავ ცუდს, ნებისმიერ ფორმატში გაიმართოს შეხვედრები”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი თემები