“ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია” – მემარჯვენეები 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან

ოპოზიციური პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მისი პარტია სერიოზულად ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან იმ არჩევნებზე, განსხვავებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა, ბრძოლა იქნება ხელისუფლების შეცვლისთვის.   

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, 2018 წლის არჩევნები, პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, თუმცა არა უპრეცედენტოდ ცუდი, რასაც ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს.

“მე მახსოვს 2004, 2006, 2008 არჩევნები, რომლის გახსენებაც კი არ მინდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ, რადგან უარესი პრეცედენტები არსებობდა, 2018 წლის არჩევნები ჩავთვალოთ პოზიტიურად. ჩვენ დავინახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, როცა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხალხის ძალიან დაბალი ნდობა მიიღო”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.    

მემარჯვენეების ლიდერი მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ 2020 წლამდე “ქართული ოცნება” დაიშალოს. მისი შეფასებით, “ოცნების” რიგებში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საერთო ღირებულებები და ფასეულობები. 

“ამ დაპირისპირებას კიდევ ერთი რამ აღვივებს, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, აკონტროლებ ყველას და ყველაფერს და გარეთ მოწინააღმდეგე აღარავინ გყავს, როცა პოლიტიკურ ველზე “შუა გაკრეფილია”, მოწინააღმდეგეს უკვე საკუთარ წიაღში ეძებ. 2012 წელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წიაღში იყო სერიოზული დაპირისპირება, მათ გაანადგურეს სრულიად პოლიტიკური კლასი და დაერივნენ ერთმანეთს. იგივე ხდება ახლაც, გადაგორდა საპრეზიდენტო არჩევნები, ეს ინსტიტუციაც დაბინავებულია ისე, როგორც მათ სურდათ და გამძაფრდა შიდა დაპირისპირება”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.  

მსგავსი თემები