„ქართული ოცნება“ 6-წლიან წარმატებებს აფასებს და „ნაციონალების“ ცილისწამებაზე საუბრობს

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და  პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ, მედიას  ბოლო პეროდში გახმაურებულ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გააცნო და „ნაციონალური მოძრაობა“  ფაქტების ფალსიფიკაციასა და საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა.

“ზუსტად 6 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ამ რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაულები იყო: ძალადობა;  კორუფცია;  მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა;  რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება.

2012 წლამდე, ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა აღმოსავლური ტიპის დესპოტიად, რომელსაც არაფერი ქონდა საერთო დასავლურ ღირებულებებთან. ქართველი ხალხის წინაშე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება. ამ დანაშაულთა გამო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართველი ამომრჩევლისგან, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, მიიღო საკადრისი პასუხი როგორც 2012 წელს, ისე ყველა შემდგომ არჩევნებში.

„ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის შედეგად, ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა:  აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა; აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას;  აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო;  დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე. უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტით;

– თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს“ – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი თემები