“ქართული მარში” “ქართულ ოცნებას” 2 პირობას უყენებს – საგანგებო განცხადება “მთავარში”

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში”, რომლის მხარდამჭერებმა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, აპირებენ ბოიკოტზე უარი თქვან იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” არ დააკმაყოფილებს მათ ორ მოთხოვნას:

1. სასწრაფოდ წესით გაიწვიონ “მარიხუანის კულტივაციის შესახებ” კანონი და მთავრობამ დადოს პირობა, რომ აღარასოდეს დაუბრუნდება ამ საკითხს. მათივე თქმით, ამგვარად შესრულდება ეკლესიისა და პატრიარქის მოთხოვნა და ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე და აპირებს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ყოფნას.

2. დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ქვეყანას დღეს მართავს ძალა, რომელსაც მოსახლეობის მხოლოდ 37% უჭერს მხარს.

“ორივე კანდიდატი არის დაბალი ლეგიტიმაციის, მათ მიიღეს 15%-ზე ნაკლები, მოსახლეობის 60 %-ზე მეტმა უარი უთხრა ხელისუფლებას და წავიდა მის წინააღმდეგ. 37% -იანი ხელისუფლება არ შეიძლება ერთპიროვნულად მართავდეს ქვეყანას და საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს პარლამენტში. ამისთვის საჭიროა დაინიშნოს ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო დემოკრატიული კანონმდებლობის საფუძველზე”,- განაცხადა “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს.

​იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს ისინი უარს იტყვიან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. დაიწყებენ რადიკალურ საპროტესტო აქციებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

მსგავსი თემები