“ქართული მარში“ ახალი სისხლის დამატებით „ეროვნულ ფრონტს“ ქმნის და პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში”, არმიის კონტროლის სამოქალაქო ჯგუფის “ეროვნულებისა” და რამდენიმე ორგანიზაციის ბაზაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას, სახელწოდებით – “ეროვნული ფრონტი” იწყებს. პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელი ყრილობა უახლოეს მომავალში თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ან სპორტის სასახლის შენობაში გაიმართება.

როგორც “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოძრაობა იქნება მემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი და ევროპული ნაციონალიზმის ერთგვარი გაგრძელება, საფრანგეთში ლე პენის პარტია “ეროვნული ფრონტის” მსგავსი.  

“​მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნებში ნაციონალისტური და ეროვნული ძალები მიაღწევენ წარმატებას. ჩვენი იურისტები მუშაობენ უკვე. უახლოეს დღეებში შევალთ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასა და პასპორტში აღდგეს ეროვნების აღმნიშვნელი და მამის სახელის გრაფა. ამასთან დაკავშირებით დავიწყებთ ფართომასშტაბიან კამპანიას.  ასევე, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ზუგდიდში დაგეგმილ მერის არჩევნებში. იქ ჩვენს სიტყვას აუცილებლად ვიტყვით და არავის მივცემთ მოსახლეობის გაბითურების საშუალებას”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ “მთავარში”.  

მისივე თქმით, “ქართული მარშის” ბაზაზე გაიხსნა ახალი ოფისი და “ქართულმა მარშმა” ახალი შემადგენლობით, რეორგანიზებულად და ახალი სისხლით დაიწყო მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც  ქვეყნის ეროვნული ინტერესების სფეროს წარმოადგენს. 

“​მოძრაობა “ეროვნულებს” ძალიან სერიოზული ორგანიზაცია ჰყავს სამეგრელოში, სადაც ძირითადად  გაერთიანებულნი არიან პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეები, ეროვნული გვარდიის ვეტერანები. ის საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენს და შესწევს უნარი სერიოზული გავლენა იქონიოს ზუგდიდის არჩევნებზე”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე. 

ახალი პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და აცხადებენ, რომ სანამ არ შეიცვლება “დრაკონული საარჩევნო კანონი”, არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს.

მსგავსი თემები