ქართული განათლების სისტემა შრომის ბაზრის საჭიროებებზე არ არის მორგებული – პრეზიდენტი

ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იქ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში შრომის ბაზრის მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა. პრეზიდენტი დაინტერესდა აპირებენ თუ არა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები სამშობლოში დაბრუნებას და პროფესიული კარიერის საკუთარ ქვეყანაში შექმნას.  

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებს, რომლებიც განათლებას უცხოეთში იძენენ, სამშობლოში დაბრუნება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სამსახურში ჩაყენება სურდეთ.

მისი შეფასებით, ქართული განათლების სისტემა დღეს, ბოლომდე არ არის მორგებული შრომის ბაზრის საჭიროებებს. ერთი მხრივ, ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი და მეორე მხრივ, კონკრეტული საჭიროებებისა და კატეგორიის კადრები რთული მოსაძიებელია, ამიტომ საჭიროა, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა. საქართველო უნდა დაუახლოვდეს შრომის ევროპულ სტანდარტებსა და ევროპულ კულტურას.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ღიაა ახალგაზრდა კადრებისთვის. სტაჟირების სისტემა კი, მათ საშუალებას მისცემს საჯარო სამსახურში გამოსცადონ თავი, თავის მხრივ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟიორები ახალ იდეებსა და ინიციატივებს შეიტანენ.

მსგავსი თემები