ქართველ ფეხბურთელებს შეძენილი საქონლის ჩეკი აღმოაჩნდათ, ქურდობა არ დადასტურდა

საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრეზიდენტი ქართლოს რუხაია, თურქეთში ქართველი ფეხბურთელების ქურდობით ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გაუგებრობა მოხდა.  

რუხაიას თქმით, ძალიან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, ისინი თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაკითხეს. ყველა მათგანს შეძენილი საქონლის ჩეკი აღმოაჩნდა და სპორტსმენები გუნდთან ერთად განაგრძობენ ვარჯიშს.

“პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალური ინფორმაცია მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა. ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და რატომღაც საქონლის ჩეკი მაღაზიაში არ გაატარეს. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. იყო გაუგებრობა და ამით დამთავრდა ყველაფერი. გუნდი ჩვეულებრივად განაგრძობს მომზადებას“, – აცხადებს რუხაია.

აღსანიშნავია, რომ თურქული მედიით გავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა, რის გამო საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ადგილობრივმა პოლიციამ ფეხბურთელები, გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან აიყვანა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები პოლიციამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერების საფუძველზე მას შემდეგ დაადგინა, რაც დღის ბოლოს, სავაჭრო ცენტრში ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 9 ერთეული ნივთი მოპარული იყო.  

მსგავსი თემები