ქართველმა პარლამენტარებმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დაზავების ისტორიული ადგილი მოინახულეს 

კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი ვიზიტს დღეს, 12 სექტემბერს დაასრულებს. სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის დემილიტარიზებულ ზონაში (DMZ) მდებარე საზავო სოფელ პანმუნჯომს ეწვივნენ.

ისტორიული ადგილი, სადაც 1953 წელს ხელი მოეწერა კორეის დაზავების ხელშეკრულებას, ნახევარკუნძულის გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით, საერთო უსაფრთხოების ზონაში (JSA) მდებარეობს. 2018 წლის 27 აპრილს, სწორედ სოფელ პანმუნჯომში შედგა შეხვედრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე-ინსა და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, კიმ ჯონგ-უნს შორის, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა „პანმუნჯომის დეკლარაციას“.

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა დაზავების ადგილის მონახულებისას განაცხადა, რომ 27 აპრილს შემდგარი სამიტი სამშვიდობო პროცესში მიღწეული უპრეცედენტო პროგრესის მაჩვენებელია და მომავალში მხარეებს შორის ურთიერთობების გამყარების რეალურ იმედს იძლევა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია მხარეებს შორის მიღწეული ხელშესახები შედეგები კორეის ნახევარკუნძულზე საბოლოო მშვიდობის დამყარების მიზნით. მიმდინარე პროცესი სამაგალითოა მსოფლიოსთვის და ემსახურება კორეელი ხალხისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – აღნიშნა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან საქართველო – კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრები – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და ენძელა მაჭავარიანი.

 

მსგავსი თემები