“ქართველმა დეპუტატებმა რუს კოლეგებს უპირველესად სანქციების შერბილების, საბოლოო ჯამში, მოხსნის საკითხით მიმართეს” – ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” წევრების რუსეთში ვიზიტზე საუბრობს. მისი თქმით, ქართველმა დეპუტატებმა რუს კოლეგებს უპირველესად სანქციების შერბილების, საბოლოო ჯამში, მოხსნის საკითხით მიმართეს.

ინაშვილის თქმით, რუსმა დეპუტატებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ამ საკითხზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრებთან ერთად იმუშაონ, დაიწყონ მოქმედება სანქციების შერბილებისა და მოხსნის მიმართულებით.

“მოგეხსენებათ, დღეს დაიწყო “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები რუს კოლეგებთან. პირველი შეხვედრა რუსეთის დუმის დეპუტატებთან შედგა. რუსული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბარი, პირველ რიგში, ეკონომიკური სანქციების საკითხს შეეხო. საქართველოში გაჩნდა წარმოდგენა, რომ ეს სანქციები მოხსნილია, რაც რეალობას არ შეესაბამება. სანქციები, სამწუხაროდ, უკვე მოქმედებს და თუ ასე გაგრძელდება, საქართველო მილიარდობით ზარალს მიიღებს. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შემოდგომისთვის ზარალმა შესაძლოა 4 მილიარდს გადააჭარბოს, ამიტომ ბუნებრივია, რომ ქართველმა დეპუტატებმა რუს კოლეგებს უპირველესად სანქციების შერბილების, საბოლოო ჯამში, მოხსნის საკითხით მიმართეს. რუსმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ამ საკითხზე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრებთან ერთად იმუშაონ. მზად არიან დაიწყონ მოქმედება სანქციების შერბილების და მოხსნის მიმართულებით”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის თქმით, სანქციების მოხსნას დროსთან ერთად, რუს დეპუტატებთან რამდენჯერმე შეხვედრა, ინტენსიური მუშაობა და ძალისხმევა დასჭირდება.

“ეს უკვე ურთულესი პროცესია, სანქციები ვერ მოიხსნება ერთ დღეში, ამას თვეები დასჭირდება, დასჭირდება ქართველი და რუსი დეპუტატების რამდენჯერმე შეხვედრა, ინტენსიური მუშაობა და ძალისხმევა. რუსი დეპუტატების განცხადებით, სანქციების მოხსნის საკითხზე იმოქმედებს, ასევე, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. მტრული რეჟიმიდან, დაპირისპირებიდან, კონფრონტაციიდან უნდა გადავიდეთ ურთიერთობის ნორმალიზების რეჟიმში. და თუ შევთანხმებდებით, რომ გადავედით ნორმალიზების რეჟიმზე, მაშინ საუბარი შეიძლება დაიწყოს ვიზების გაუქმების საკითხზეც. რუსი დეპუტატების განცხადებით, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი,- ეს შემდგომი ეტაპი იქნება, თუ, ცხადია, საქართველოში ანტირუსული ისტერია დასრულდება და ვიზების გაუქმებისთვის ხელსაყრელი, ადეკვატური პირობები შეიქმნება.

საუბარი შეეხო, ასევე, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყების პერსპექტივას, რაც, ასევე, ურთიერთობის შემდგომი ეტაპია. რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ამ პროცესში რუსეთის დუმა მზადაა მხარეების დაახლოებას და პირდაპირ დიალოგს ხელი შეუწყოს”, – აცხადებს ირმა ინაშვილი. 

დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართეს.

მსგავსი თემები