“ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში, რადგან მასპინძლობა ჩვენს გენშია” – გიორგი გახარია

“ჩვენთვის დიდი პატივია, მესამედ ვუმასპინძლოთ თბილისში აბრეშუმის  გზის ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “აბრეშუმის გზის ფორუმის” მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში ჩანიშნულია 300-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გიორგი გახარიამ, გამოსვლაში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, ხაზი გაუსვა ქართული მასპინძლობის კულტურის უნიკალურობას მსოფლიოში.

„საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში, რადგან მასპინძლობა ჩვენს გენშია. ამიტომ, აბრეშუმის გზის ინიციატივის ყველა მონაწილე ქვეყანას ვთავაზობ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სადღეგრძელოს. ეს იმ ქვეყნის სადღეგრძელოა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები