ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო ელექტრო სამაჯურებსაც გამოიყენებს

“ძალადობის მსხვერპლსა და მოძალადეს სპეციალურ ელექტრო სამაჯურს დაუმაგრებენ, რომელიც მათი ერთმანეთთან გარკვეულ რადიუსზე მიახლოებისას სამართალდამცველ უწყებას სიგნალს გადასცემს, ამის  შემდეგ სამართალდამცველებს სწრაფი მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ, რათა დანაშაული თავიდან აიცილონ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს ამ ცვლილების თაობაზე  საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს შეამცირებს.

„იმ შემთხვევაში როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკავებელი ორდერის გაცემის პარალელურად, მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მოძალადეებზე ელექტრონულ ზედამხედველობას. იმ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის, შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. ელექტრონული მონიტორინგი ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას გულისხმობს. 

იქნება ორი მოწყობილობა ერთი, რომელიც მსხვერპლს დაუმაგრდება, ხოლო მეორე – მოძალადეს. დამაგრების შემდეგ შესაბამისი მოწყობილობა მსხვერპლთან გარკვეულ პერიმეტრში როგორც უსაფრთხო, ასევე საფრთხის შემცველ დისტანციებზე მიახლოების დროს გადასცემს სიგნალს შსს-ში. შემოსული შეტყობინება საშუალებას მოგვცემს, რომ მყისიერად მოხდეს რეაგირება.

მოწყობილობის დამაგრების ვადა შემაკავებელი ორდერის ვადას უკავშირდება და განისაზღვრება ერთი თვით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სამომავლოდ შეამცირებს ქალთა მიმართ ძალადობასა და ასევე ოჯახურ ძალადობას”, – განაცხადა ცაციაშვილმა.

მსგავსი თემები