ქალებმა გადაარჩინეს ოჯახები მძიმე პერიოდში, ჩვენ გვყავს დიასპორის ჯარი – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ტექნოპარკში“ დღეს, სტუდენტებს შეხვდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მათ კითხვას უპასუხა.

როგორც პრეზიდენტობის ქალმა კანდიდატმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველომ უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს რეგიონში და ის კიდევ უფრო დააფასონ პარტნიორმა ქვეყნებმა.

​მისივე თქმით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამდენად საჭიროა მათთვის საქართველო. ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანია დიასპორის გააქტიურება.

​ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში. არ გვიცნობენ, არ იციან, რომ მათ ვჭირდებით, არ იციან, რომ გვაქვს ის ფასეულობები, რომელიც ევროპას გადარჩენისთვის სჭირდება. ორმხრივი გზა უნდა გავაძლიეროთ და ამაში ყველა უნდა ვიყოთ ჩართული, არა მარტო მთავრობა, არამედ საზოგადოება, დიასპორა. ჩვენ გვყავს დიასპორის ჯარი და მათი არგამოყენება, როგორც ელჩებისა, არის დიდი დანაშაული და ცოდვაა ქვეყნის წინაშე. დიასპორა უნდა გააქტიურდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრისას სტუდენტები დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით გენდერულ თემატიკაზე. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საქართველოს კულტურა არის თავისი არსით გენდერული თანასწორობის იდეოლოგიის წყარო.

„ქალი პრეზიდენტი თუ იქნება არჩეული, ესაა მაგალითი შემდგომი თაობისთვის. გენდერული საქმე ევროპის მიბაძვით არასამთავრობოების მხრიდან არის წამოწეული. ჩემი აზრით, საქართველოში მისი კულტურით გენდერული თანასწორობა იდეოლოგიურადაა დაცული. საქართველოში თანასწორობა არის დაცული. ქალები არიან ბევრ სექტორში წარმოდგენილი. ქალებმა გადაარჩინეს ოჯახები მძიმე პერიოდში. ამ დროს, მამაკაცებს ადაპტაციის პრობლემა ჰქონდათ, ვერ თანხმდებოდნენ ყველანაირ სამსახურს. ამ დროს არ იყო თანასწორობა. ქალისთვის უფრო ადვილია, ყველაფერს შეეგუოს, რადგან შვილები ჰყავს. ამან განაპირობა, რომ ქალები არიან ძლიერები ამ ქვეყანაში. რა პრობლემაც აქტუალური და ახალია, ესაა ძალადობის პრობლემა, ყველა იმ წნეხით გამოწვეული, რომელიც ამ ქვეყანას დააწვა. ქვეყანაა ტრავმირებული და ოჯახური ძალადობა ამის შედეგია. ფაქტია, გაიზარდა ძალადობის შემთხვევები, არ ვიცი, წარსულში რამდენად არსებობდა. ადრე ან არ იყო ან არ საუბრობდნენ. დღეს ეს სერიოზული პრობლემა მზარდია. მეორე პრობლემა, რაც რჩება, ესაა ქალები და პოლიტიკა. მეტწილად ეს განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკა არაპოპულარული სფეროა. მიჩნეულია, რომ ესაა ბინძური საქმე და ამიტომ, ქალისთვის, ალბათ, უფრო რთული შესაჩვევია”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე მის წინააღმდეგ ტალახის დიდი ტალღა წამოვიდა. იმდენად, რამდენადაც შვილები საქართველოში არ ყავდა, არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ეს ყოველივე, მის შვილებზე იქონიებდა გავლენას და როგორ მოუწევდათ ამასთან გამკლავება.

მსგავსი თემები