ქალაქს ქაოსური მშენებლობისგან “მწვანე ხაზები” დაიცავს

ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მალე ახალი ტერმინი – “მწვანე ხაზები” შემოვა, რაც ქვეყნის მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორიის, ახალი შენობებისგან დაცვას გულისხმობს.  

ახალ ინიციატივაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მუშაობენ. კანონპროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას დღეს, თავად გააცნეს.

მათივე განმარტებით, ტერიტორიის კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს შექმნის  ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ მექანიზმს.  

კახა კუჭავას ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშავებს. ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, საკრებულოს საშუალება ექნება მიმართოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ასეთი  ტერიტორიების გაზრდის, დამატების თუ დემარკაციის საკითხებს განიხილავს. „ 

“კანონის ერთადერთი მიზანი იქნება, გაზარდოს ასეთი ტერიტორიების საზღვრები და კიდევ უფრო დაემატოს გამწვანებული ადგილები ქალაქს. ამ საკითხზე ვიმუშავებთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან ერთად. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა ადამიანს ექნება მონაწილეობის საშუალება, ჩაერთონ, შემოგვთავაზონ იდეები და მოსაზრებები. როდესაც კანონპროექტის პირველივე ვერსია დასრულდება, ნებისმიერი მოქალაქისგან მივიღებთ შენიშვნებს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად კეთილშობილურ მიზნებს ატარებს ეს კანონპროექტი, დარწმუნებული ვარ, ფართო მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო ხანებში განსაკუთრებით აქტუალურია გარემოს დაცვის თემა. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები, პარკებსა თუ სკვერებში მშენებლობას სამართლიანად აპროტესტებენ. ახალი ინიციატივით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება ამ პროცესს.

მდინარაძის შეფასებით, კანონმდებლობაში ტერმინის – „მწვანე ხაზები“ შემოტანა ისტორიული გადაწყვეტილება და მეცხრე მოწვევის პარლამენტის საამაყო ნაბიჯი იქნება. საკანონმდებლო პროცესში ჩართული იქნება USID -ი.   

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები