ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობაში მზის პანელები დამონტაჟდება  

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, დამონტაჟდება მზის პანელები და 100-ზე მეტი სოფელი ელექტროენერგიით მომარაგდება. საუბარია 400 -მდე ოჯახზე, რომლებსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებათ. პროექტი ​საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ წინა კვირას მიიღო. ფშავ – ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას და ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონს.

” ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ტურიზმის განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა,   ინტერნეტიზაცია დამატებით შეუწყობს ხელს იმას, რომ ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ავითვისოთ ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია გარდატეხას შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში და ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ კუთხეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, ასევე, არის მაღალმთიან სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება პირველადი დახმარების მიმართულებით, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება გაუწიონ თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე.

პრემიერის თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა, ხშირად ვერ ხერხდებოდა, ადგილობრივებისთვის სამედიცინო დახმარების დროულად გაწევა. პროგრამის ამოქმედებით კი პირველადი დახმარების გაწევა აღარ იქნება პრობლემა არამარტო იქ მცხოვრებთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი თემები