ფქვილის გაძვირების გამო წაგებაზე მივდიოდით – მალხაზ დოლიძე პურზე ფასის მატებაზე

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურზე ფასების მომატებას ფქვილის გაძვირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ერთი ტომარა პურის ფქვილი თითქმის 10 ლარით გაძვირდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მალხაზ დოლიძემ განუცხადა, ფქვილის გაძვირება, ასევე, უკავშირდება ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა.

“ზაფხულის პერიოდიდან, კერძოდ აგვისტოში, ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული იყო ხმაური. ამ ხმაურში ყოველთვის ჩანს პურის მწარმოებელი და არ ჩანს ფქვილის მწარმოებელი. ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 37 ლარიდან 45- 46 ლარამდე გაიზარდა. ბოლო სამი დღეა, ფქვილის ღირებულებამ კიდევ მოიმატა და გახდა 47 ლარი. მეპურისთვის ეს კრიტიკული ზღვარია. ვაფრთხილებდით ყველას, რომ თვითღირებულებაში ვეღარ ჩავეტეოდით და წაგებაზე მივდიოდით. პურის მწარმოებელმა ყველა დიდმა კომპანიამ პური 10 თეთრით გააძვირა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პურის თვითღირებულებაში ვერ ჩაეტევიან. ამან გამოიწვია ხმაური. რა თქმა უნდა ვიმედოვნებ, რომ ჯანსაღი კონკურენცია ფასებს დაარეგულირებს და ნაწილმა მწარმოებელმა შესაძლოა პური 5 -7 თეთრით გააიაფოს. ამას უკვე კონკურენცია გამოაჩენს, იმიტომ, რომ კონკურენცია მაღალია და ეს პურის ფასზე გავლენას იქონიებს”, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მსგავსი თემები