“ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია” – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მაისში ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია.

„თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფითი მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე“, – წერს გვენეტაძე.

2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემცირება ყველაზე მკვეთრი იყო რუსეთის ფედერაციიდან, საიდანაც მაისში 19.77 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 43%-ით ნაკლებია. იტალიიდან კი, გზავნილების მოცულობა შემცირების ნაცვლად 35%-ით გაიზარდა.

2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.6 მლნ აშშ დოლარი (43.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მაისის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.7%-ით ნაკლებია.

მსგავსი თემები