ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულ დედა-შვილს ეძებენ

თბილისის შემოგარენში, კერძოდ ზემო ფონიჭალაში,  N23 მრავალსართულიანი სახლის 3 სართულზე დილით მომხდარი აფეთქსების შედეგად დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ. აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. მაშველები ეძებენ ქალს და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მეორე სართულზე ცხოვრობენ და სავარაუდოდ ნანგრევებში არიან მოყოლილნი.  ადგილზე ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს,  მიღებულია უსაფრთხოების ზომები, ტერიტორიაზე მოსახლეობას გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.

“დიდი ხმა იყო. ბავშვები სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ზოგი ამბობს ბუნებრივმა აირმა გაჟონა და ნათურა რომ აანთეს აფეთქება მოჰყვაო. მესამეზე მოხდა აფეთქება და მესამე და მეოთხე სართულების ბეტონის ფილები მეორე სართულზე ჩავარდა. იმდენად ძლიერი იყო ბიძგები, რომ გვეგონა მიწისძვრა მოხდა”,  – აცხადებენ ადგილობრივები.

აფეთქების შედეგად დაშავებულ პაციენტებს სასუნთქი გზების დამწვრობაც აღენიშნებათ.  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით,  პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. ერთი ოჯახის დაშავებული სამი წევრი – 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.  სამივეს აღენიშნება სხვადასხვა მიდამოს თერმული დაზიანება.  დამწვრობები აღენიშნებათ სახისა და გულ-მკერდის არეში, დამწვარი აქვთ ხელის მტევნები,  ქვემო კიდურები. პაციენტები დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება.  აღენიშნებათ თერმულ-ინგალაციური დაზიანება და გარე ტრავმები.

დამწვრობის ცენტრში პაციენტები დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოინახულეს.

N23 საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე.  მისი თქმით,  დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს სხვადასხვა მისამართზე გადაიყვანენ და მათ დროებითი საცხოვრებლით დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება. დანგრეულია კორპუსის რამდენიმე სართული, არიან დაშავებულებიც. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე პირადად მე არ მაქვს. გვერდით კორპუსებზე არანაირი პრობლემა არ არის. იმ კორპუსის მცხოვრებლები კი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებელი სახლებიდან არიან გამოყვანილი. მათ სხვადასხვა მისამართზე გადავიყვანთ. ამის უზრუნველყოფას დედაქალაქის მერია და გამგეობა მოახდენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, შემოწმება ჩაუტარდება და დადგინდება, რამდენად უსაფრთხო იქნება სამომავლოდ საცხოვრებლად. საჭიროების შემთხვევაში, შენობის გამაგრების სამუშაოებს დედაქალაქის მერია განახორციელებს.

ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების, საკრებულოსა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებისა და შენობის უსაფრთხოების საკითხს სწავლობენ.

 

 

მსგავსი თემები