ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით,  სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეკემბრის თვეში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ა.ჯ., 1981 წელს დაბადებული რ.ა., 1970 წელს დაბადებული ჰ.ჯ., 1974 წელს დაბადებული კ.ჯ., 1992 წელს დაბადებული ა.მ. და 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 68 შეკვრა “ჰეროინი”, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

1970 წელს დაბადებულ ჰ.ჯ.-ს, ასევე, ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “ტტ”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო,” – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები