ფიროსმანის 29 ნამუშევარი ვენაში გამოიფინება 

ვენის ალბერტინას მუზეუმი, მსოფლიოში ცნობილი, ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას  26 ოქტომბრიდან უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც, სწორედ, მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

გამოფენის მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

გამოფენასთან დაკავშირებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ეროვნული გალერეის მმართველი ეკა კიკნაძე უძღვებოდნენ. პრესკონფერენციას, ასევე ესწრებოდნენ წამყვანი ავსტრიული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისს, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ.

ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა სახელწოდებით – NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds ვენის ალბერტინას მუზეუმში 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები