ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 50 000 000 ლარი დაიხარჯება

თბილისის ისტორიულ არეალში 2020 წლისთვის, ორი მნიშვნელოვანი ქუჩის, ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ქალაქში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და მოვლა-პატრონობა საჭიროებს.

“ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, გუდიაშვილის კი – მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 50 000 000 ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი შექმნის ახალ ფართებს, რომელიც ბიზნეს-სექტორისთვის საინტერესო იქნება.

„ფიროსმანის ქუჩაზე განთავსებული ყველა სახლი ძალიან მძიმე და ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ეს ყველაფერი მოწესრიგდება. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად გვინდა მოვაწესრიგოთ და გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა. საკმაოდ საინტერესო პროექტია და დარწმუნებული ვარ, აქ ბიზნესიც იქნება ჩართული. უახლოეს მომავალში ამ პროექტს ბიზნეს სექტორსაც წარვუდგენთ, რომ მათი თანამონაწილეობაც იყოს, რადგან ახალი ფართები, რაც შესაძლებელია შეიქმნას ამ პროექტით, ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ისტორიულ არეალში განხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გუდიაშვილი-ფურცელაძის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, გუდიაშვილის ქუჩა საფეხმავლო გზით ქაშვეთის ეკლესიას დაუკავშირდება. აღნიშნული პროექტისთვის 45 000 000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი თემები