ფილმში: „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღებული ბავშვის მშობელმა სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო (ვიდეო)

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელებთან დავა საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო და საქალაქო სასამართლოში გადაამისამართეს.

„მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვითხოვდით ფილმში ბავშვების უკანონოდ და მოტყუებით გადაღებისთვის დაეწყოთ გამოძიება. ოფიციალური პასუხი მოგვივიდა, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს და მირჩიეს, სასამართლოს მივმართო. შსს-სგან  ვითხოვდით, დაწყებულიყო ძიება რატომ მოხდა მცირეწლოვანი ბავშვების უკანონოდ ჩართვა ფილმის გადაღებაში და არ გაგვიმხილეს რაზე იყო დაფუძნებული ეს ფილმი.  შსს-მ ჩაატარა ძიება და გადაგვამისამართა სასამართლოში. გვითხრეს რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე დარღვევასო. ასევე მივმართე სახალხო დამცველს, მქონდა შეხვედრა და იქაც მითხრეს, ყველაფერში მართალი ხართ, გეთანხმებით,  მაგრამ ვემსახურებით მხოლოდ საჯარო დაწებულებებს-ო. ესაა კერძო სტუდია და ჩვენ არ გვაქვ უფლება, ჩავერიოთო და იქაც სასამართლოში გადაგვამისამართეს“ – განაცხადა ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ რომ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“, გადაღებულები არიან არასრულწლოვნები. მათი მშობლები აცხადებენ, რომ ფილმის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდნენ და როგორც მათ განუმარტეს, ფილმი ქართულ ტრადიციებს ეხებოდა. მშობლები ფილმიდან იმ ეპიზოდების ამოღებას ითხოვენ, სადაც მათი შვილები ჩანან.  

„ჩვენი მოთხოვნაა, ამოიჭრას ის კადრები, სადაც ბავშვები არიან. ჩვენ არ ვიცოდით, რას ეხებოდა ეს ფილმი. გვითხრეს, რომ იღებდნენ ტრადიციულ ფოლკლორულ ფილმს. ამიტომ, დავა სასამართლოში გაგრძელდება“ – განაცხადა ზურაბ ღვინიაშვილმა.

მსგავსი თემები