ფერების ფესტივალი “მზიურის” პარკში (ფოტო)

თბილისის ვაკის რაიონში, ბავშვთა ქალაქ “მზიურის” პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, „მზიურის“ პარკში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფერების ფესტივალზე  სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით „გაფერადდა“.

ღონისძიების ორგანიზატორია ​ვაკის რაიონის გამგეობა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ეს არის პურის ფქვილში შერეული საკვები საღებავები, არ იწვევს მოწამვლას და ალერგიას.

ფერების ფესტივალს ახალგაზრდებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო და  მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  საღებავების ნაწილი გამგეობამ შეიძინა.

„დღევანდელ ფესტივალზე საოცრად კარგი განწყობაა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მოსული. ვაკის რაიონის გამგეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც ჩაატარებს და იზრუნებს, რომ ახალგაზრდებისთვის მეტი დასასვენებელი და გასართობი სივრცე იყოს ქალაქში“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
​მისივე თქმით, ფესტივალი ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ღონისძიების განმავლობაში, სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები და DJ-ები: ჯგუფი „არა“, PERCDUO, DJ Yurin, DJ Noxiron, YST წარსდგნენ.

ფერების ფესტივალში უამრავი ტურისტი მონაწილეობდა, ძირითადად ინდოელები, რადგან მსგავსი დღესასწაულის ტრადიცია სათავეს სწორედ ინდოეთში იღებს.






მსგავსი თემები