“ფეისბუქის ანგარიშში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ – მამუკა მდინარაძის განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ:

“ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის, მათ შორის, პოლიტიკურ დღის წესრიგს. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში განსაკუთრებით 2018 წლიდან დაიწყო სოცქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის რუს პიარკონსულტანტ  შკრიალოვთან, რომელმაც სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება სოცქსელების მეშვეობით მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო  ნიშნად აქცია.

სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც ფეისბუქ სივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, სიყალბით და სიძულვილის ენით, თუმცა თავად ფეისბუქმა გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია ფეისბუქის სხვადასხვა ყალბი გვერდებისა და ანგარიშების ჩახსნაზე სხვადასხვა მიმართულებით და რაც მთავარია მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის ნაციონალური მოძრაობა.

ფეისბუქის განცხადებით, ნაცმოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმისათვის, რომ მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, რომელმაც ზიანი მიიღო პანდემიის შედეგად და ცდილობს,  ანტიკრიზისული გეგმა იყოს დახვეწილი, ყოვლისმომცველი და რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.

ფეისბუქის განცხადებითვე, ამ კამპანიის უკან მდგომი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობის დამალვას, მაგრამ გამოძიებით მოხდა ამ ქსელების დაკავშირება საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში იხარჯებოდა დიდი რაოდენობით თანხა, რასაც ფეისბუქმა მიაკვლია. დაახლოებით საუბარია 100 ათას ლარამდე და ალბათ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამ ხარჯების მასშტაბი.

ამავდროულად, ფეისბუქი ხაზს უსვამს, რომ მისი შეფასება დაეყრდნო საჯარო რაპორტინგს, ანუ ნაცმოძრაობის ყალბი გვერდებისა და ანგარიშების გაუქმება მოხდა ფეისბუკ მომხმარებელთა მიმართვების და არა რომელიმე ორგანიზაციის მიმართვის, ან მიმართვების საფუძველზე.

ბუნებრივია მადლობას იმსახურებს ფეისბუქის ადმინისტრაცია ამ ძალისხმევისათვის და მინდა მივმართო მათ, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით დააკვირდნენ მათი სოცქსელის მუშაობას საქართველოში, განსაკუთრებით  წინასაარჩევნო პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ დემოკრატიული გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებას.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ფეისბუქის ეს მიდგომა გაგრძელდება და სოციალურ ქსელებში ტყუილი და სიძულვილის ენა  უკანა პლანზე გადაიწევს.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სპიკერმა და მან თქვა, რომ რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებაზე განახორციელონ პიარული შტურმი,  რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები თავს ვერ ართმევენ კოვიდ ინფექციასთან ბრძოლას. ფეისბუქმა სწორედ ამ ალგორითმის მიმდევრები დაბლოკა, მათ შორის საქართველოში, ნაციონალური მოძრაობის და მათი მხარდამჭერთა ის გვერდები, რომლებიც ამ ალგორითმის ქვეშ მოიაზრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები