“ფაქტი, რომ ვერ შეძელით დაპირების შესრულება, დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს” – ევროპარლამენტარი პროპორციულ სისტემაზე

“ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სანდრა კალნიეტემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

კალნიეტე იმ რამდენიმე საკითხს შეეხო, რაც მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიაზე კარგად არ მეტყველებს.

„თქვენ ახლახანს ახსენეთ, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა ოპოზიციის მიერ იყო გამოწვეული. მე დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს სახალხო მოძრაობისა და ვიცი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია, ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანოს. არსებობს ამის უფრო ღრმა მიზეზი. თქვენ ახლახანს მოახდინეთ იმ ფაქტის ციტირება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ იმავე საზოგადოებრივი აზრის კვლევებში შეგიძლიათ ასევე ნახოთ, რომ როგორც ქართველი ხალხი თვლის, ქვეყანაში დემოკრატია უკან იხევს და ეს ძალიან შემაშფოთებელია, ვინაიდან ევროკომისია და ევროპარლამენტი ყოველთვის დიდი მხარდაჭერით უყურებს საქართველოს, ცდილობს, დაეხმაროს და წინ წაწიოს იგი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არსებობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში. ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია. ის ფაქტი კი, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ გამოძიება 5-წლიანი დუმილის შემდეგ დაიწყო, ძალიან სიმბოლურია“, – აღნიშნა კალნიეტემ.

მსგავსი თემები