„ფასების კუთხით რთული ვითარებაა, ინფლაცია სახეზეა, მაისსა და ივნისში იგივე ტენდენცია გაგრძელდება“ – შოთა გულბანი

„ვისურვებდი, ეროვნულმა ბანკმა ყველა გზა მონახოს, რომ ვალუტა ადრინდელ მაჩვენებელს დაუბრუნდეს,“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ეკონომიკის ანალიტიკოსმა შოთა გულბანმა გააკეთა.

სპეციალისტი პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყანას წარმატებულად თვლის და სამთავრობო უწყებებისა და პრემიერის ეფექტურ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას. გულბანს მიაჩნია, რომ გახარია მაღალი დონის მენეჯერია, ის საერთაშორისო საზოგადოების კვლევებსაც იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველო და შვედეთი ლიდერ ქვეყნებად დასახელდა.

„კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ ეკონომიკაში არსებულ ფუნდამენტალურ პრობლემები, აქ ყველაზე მწვავედ დგას ორი პრობლემა, ფასების სტაბილურობა, ლარის კურსი და ასევე უმუშევრობა. ფასების სტაბილურობის კუთხით რთული ვითარებაა, შექმნილმა სიტუაციამ პირდაპირ დაარტყა ფასებს ლარის კურსის გამო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ქმედუნარიანი იქნება ხელისუფლება, ჩვენ ვაკეთებთ იმის დაშვებას, რომ ლარი შესაძლოა გაუფასურდეს, რეალურად ეროვნულ ბანკს არც გააჩნია პირდაპირი ბერკეტები წინასწარ განსაზღვროს რა ვითარება იქნება ლარის კურსთან მიმართებაში.

ლარს ახასიათებს პერიოდული ვარდნები, მისი უებარი წამალია ადგილობრივი ბაზრის განვითარება, სადაც ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.“ – განაცხადა შოთა გულბანმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ანალიტიკოსი მთავრობას მოუწოდებს, რომ იმ საკითხების მიმართ, რაც ზედაპირზეა მკვეთრი ნაბიჯები იქნას გადადგმული.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი აღმოჩნდა სამთვიანი გადავადებები, ერთის მხრივ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს იმ ფარგლებში რაც დღეს გვაქვს, სამწუხაროა, რომ 200 ლარიანი დახმარება გახდა ქილიკის საგანი, მე ვთვლი, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამერიკა დოლარის მბეჭდავი ქვეყანაა და იქაც კი 1200 დოლარი გასცეს დახმარება.

მოკლევადიან პერსპექტივაში ვისურვებდი, რომ ეროვნულმა ბანკმა გზა მონახოს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა დაუბრუნდეს კრიზისამდე არსებულ მაჩვენებელს, ასევე ვისურვებდი უმუშევართა საკითხი მალე მოგვარდეს და იმ ადამიანებისთვის გაჩნდეს ახალი შეთავაზებები, ვინც დაკარგა სამსახური.“ – განაცხადა შოთა გულბანმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები