ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტი სპეციალური მოსმენისთვის ემზადება

ციხეში განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტი სპეციალურ მოსმენას არ გამორიცხავს. საუბარია უწყებების პირველ პირებზე, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენლებს კონკრეტული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სპეციალური მოსმენა ბრალდებულ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, სპეციალური მოსმენა მას შემდეგ დაიგეგმება, რაც გამოძიებას ყველა კითხვაზე პასუხი მზად ექნება.

„ბუნებრივია, რომ პარლამენტმა ინფორმაცია უნდა მიიღოს, რადგანაც საქმე პარლამენტის წევრებსაც ეხება. ჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე სწორედ პარლამენტის წევრია. დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ ის იყო შეხვედრის დროს. პარლამენტმა უნდა მოისმინოს ინფორმაცია მას შემდეგ, რაც გამოძიება იქნება მზად, რომ გარკვეული სურათი, შეფასება და დასკვნა შემოგვთავაზოს თუ რა დაადგინა მან. პარლამენტმა ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს პროკურატურის, იუსტიიცის სამინისტროს მხრიდან. ყველას ინტერესშია გამოძიება იყოს ობიექტური და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. როცა ადამიანი შანტაჟის ენით საუბრობს, ნებისმიერი პასუხისმგებლობით მატარებელი პირი, თავს ვალდებულადაც თვლის, რომ ყველაფერი გახდეს ღია და გამჭირვალე“, – განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი თემები