ფარული ჩანაწერების მიმღები, შემნახველი და გამზიარებელი თანაბრად ისჯება – გაფრთხილება მოსახლეობას

იურისტები, უფლებადამცველები თუ პოლიტიკოსები მოსახლეობას მიმართავენ და მოუწოდებენ გაფრთხილდნენ, რომ გაუაზრებლად, გათვითცნობიერებულად თუ გაუთვითცნობიერებლად გისოსებს მიღმა არ აღმოჩდნენ. საქმე ეხება სოციალური ქსელებით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთ მაკომპრომიტირებელ იარაღად იქცა.

როგორც დეპუტატი გედევან ფოფხაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებისთვის არიან დაკავებულები, არიან ისეთებიც, რომლების შესაძლოა გაუთვითცნობიერებლად აღმოჩდნენ დანაშაულის ჩამდენები.

„ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი სწორედ იმისთვის დააკავეს, რომ მან სოციალური ქსელით მიღებული ვიდეო სხვას გადაიგზავნა. შესაძლოა, ეს გაუცნობიერებლადაც მოხდა და ამ კონკრეტულ ადამიანს კანონმდებლობა არ სცოდნოდა, თუმცა, არსებული კანონმდებლობით, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს შეინახავს, გადაგზავნის, ან ფოტოს გადაუღებს და სხვა პირებს, მეგობრებს გაუგზავნის, ისჯება“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ „მთავართა“ საუბრისას.

მოსახლეობას დეპუტატი ეკა ბესელიაც სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „დაკავებულთა გარკვეულ ნაწილს შეიძლება არც კი ჰქონდა გააზრებული და ისე ახორციელებდა ან გაზიარებას ან შენახვას. საჭიროა, ყველა გავაფრთხილოთ, რომ გაუაზრებლად დანაშაულის მონაწილეები არ გახდნენ“.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს ტელეფონში თუ კომპიუტერში ჩამოწერს, შეინახავს, სურათს გადაუღებს და სხვას გაუზიარებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები