„ფარული მზადება ახალი რევოლუციისთვის“ – ირაკლი ბათიაშვილი სამხედროების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე

უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი თადარიგის გენერლებისა თუ სხვა სამხედრო პირების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე საუბრობს და ამ ყველაფერს ახალი რევოლუციისთვის მზადებად აფასებს. ბათიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გააკეთა და ქვეყნაში დესტაბილიზაციის გეგმებზე ისაუბრა.

„ვხედავთ, რომ ჯარსა და პოლიციაზე ზემოქმედების კამპანია მეთოდურ ხასიათს ატარებს. ეს არის კარგად დაგეგმილი, თავიდან ბოლომდე მართული კამპანია. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მხარდამჭერი ყოფილი სამხედროები და პოლიციელები გამოჰყავს და ეს ყველაფერი გამიზნულია ჯარზე, პოლიციაზე, უშიშროებასა და მთლიანად ძალოვან სტრუქტურებზე ზემოქმედებისთვის. მათ შორის, კარგად გვახსოვს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის გამოსვლა, რომელიც ჩემი ყოფილი ძალიან ახლო მეგობარი და თანამებრძოლია. ის, ჩემდა სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე სააკაშვილის რეჟიმის სამსახურში ჩადგა და თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია“ – აღნიშნა ბათიაშვილმა „მთავარში“.

უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადებით, მიმდინარე პროცესები საარჩევნო მიზნებს არ ემსახურება. მისი ინფორმაციით, დაწყებულია ფარული მზადება ახალი რევოლუციისთვის.

„ეს არის მართული პროცესი, მაგრამ, გულუბრყვილობა ვიფიქროთ, რომ ეს კამპანიას  მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო მიზნები აქვს.  მიზანი არის ფარული მზადება ახალი რევოლუციისთვის და პროცესებში ძალისმიერი კომპონენტების ჩართვას, ხელისუფლების პარალიზებას და შეცვლას.  მათ იციან რომ ხელისუფლებაში ვერ მობრუნდებიან. სწორედ  ამიტომ, საჭიროდ თვლიან ძალისმიერი მეთოდების ამოქმედებას“ – აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა „მთავარში“.

 

მსგავსი თემები