“ფარული კადრები საეჭვო დროსა და ვითარებაში ვრცელდება ხოლმე” – ირმა ინაშვილი ბესელიაზე

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატ ეკა ბესელიას ფარული ვიდეოკადრების მორიგი გავრცელების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი საეჭვო დროსა და ვითარებაში ჩნდებიან ხოლმე. 

როგორც ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, კამპანია, რასაც ადგილი აქვს ეკა ბესელიას მიმართ, ადამიანურობის საზღვრებს ცდება და მიზანმიმართული შეტევის სახე მიიღო. 

“ვგულისხმობ არა მარტო ფარული კადრების პერიოდულად გავრცელებას, არამედ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ზარდიაშვილის და უმრავლესობის ზოგიერთი სხვა წევრის გაუწონასწორებელ, ცინიკურ, ცილისმწამებლურ, თავხედურ, არაკაცურ განცხადებებს, რამაც მიზანმიმართული შეტევის ხასიათი მიიღო. ნუ დაეცემით ბოლომდე. ბრძოლას, ომს, მტრობასაც კი წესები აქვს. სახე არ უნდა დავკარგოთ, არც მამაკაცმა და არც ქალმა პოლიტიკოსებმა. პირველ რიგში, ადამიანები ვართ და მერე ვართ პოლიტიკოსები, ექიმები, ჟურნალისტები, თუ მუსიკოსები”, – წერს ირმა ინაშვილი.

დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოძიების რეალური შედეგი დადოს,”პატარა ბავშვებს ნუ დასდევს”, არამედ გამოავლინოს დანაშაულის ორგანიზატორები.

“ეს ფარული კადრები ძალზედ საეჭვო დროსა და ვითარებაში ვრცელდება ხოლმე… საშინელი საყურებელია, რაც ხდება. ანგარიშსწორების უფრო სასტიკ მეთოდს ძერჟინსკიც ვერ მოიფიქრებდა”, – მიაჩნია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს.  

მსგავსი თემები