ფარული ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის N 157-ე პრიმა მუხლის, პირველი და მეორე ნაწილის დაღვევა. 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

როგორც ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის, როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

იგი საზოგადოებას მოუწოდებს, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

“გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები”, – აცხადებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ბორცვაძე.

მსგავსი თემები