ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულ 7 პირს გირაო შეეფარდა, 2-ს კი, – პატიმრობა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე 7 პირს გირაო შეეფარდა, 2-ს კი, – პატიმრობა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიებების სახით, პატიმრობის შეფარდებას სამი ადამიანისთვის: ანტონ ღლონტის, თემურ ირემაძისა და მაია ბერიძისთვის ითხოვდა, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, პატიმრობაში მხოლოდ ანტონ ღლონტი და თემურ ირემაძე დატოვა.

რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, გირაოს სახით, მათ სხვადასხვა თანხა უნდა გადაიხადონ: მაია ბერიძეს შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით, მარიამ ჩადუნელს – 2000 ლარი, ანი არეშიძეს – 1000 ლარი, თენგიზ ირემაძეს – 3000 ლარი, ნონა ჟორჟაძეს – 2000 ლარი, „გირჩის“ აქტივისტ გიორგი გასვიანს – 1500 ლარი, ირაკლი ქასრაშვილს კი, – 3000 ლარი.

ეს ადამიანები საპატიმრო დაწესებულებას თანხის გადახდის, ან გირაოს შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფის შემდეგ დატოვებენ.  

შეგახსენებთ, რომ შსს-მ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, გუშინ 17 ადამიანი აიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო დანარჩენი 8 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

მსგავსი თემები