ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობით შესაძლოა ფუტკრებიც განადგურდნენ

ტერიტორიები, სადაც მეფუტკრეობაა განვითარებული ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი განსაკუთრებული ზომების დაცვით განხორციელდება. კერძოდ, ტერიტორიის თერმული დამუშავება საღამოს საათებში განხორციელდება, როცა ფუტკარი დაბინავებულია. წამლობის დაწყების შესახებ ინფორმაციას მეფუტკრე 24 საათით ადრე მიიღებს. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს. იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება „მოიზიდე დაგაანადგურე“ სადგურები.

მათივე ინფორმაციით, გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ, რათა დაგეგმილმა დაცვითმა ღონისძიებებმა მინიმუმამდე დაიყვანოს ფუტკრის დაზიანების რისკი.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მეფუტკრეებმა უნდა გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – farosana.ge. და გზავნილების მეშვეობით დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე.

მეფუტკრე ფერმერებს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის, ფუტკრის მოვლისა და დაცვის ღონისძიებებზე ინფორმაცია, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მიაწოდა. შეხვედრას დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის მეფუტკრეები ესწრებოდნენ. შეხვედრა ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.  

მსგავსი თემები