ფარმაცევტული ბაზარი დეფორმირებულია და მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ფარმაცევტული ბაზარი დღეს, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად, კვლავ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით 2013 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით, თუმცა სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი არ არის, ამ სექტორში,  სასურველი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის სწორად ფორმირება, ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორც გეოგრაფიული ასევე ფინანსური თვალსაზრისით.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სამკურნალო საშუალებების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ხშირად, ერთად განიხილება, ვინაიდან მათ თანაბარი გავლენის მოხდენა შეუძლია ჯანმრთელობაზე. ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტებით დროულად მკურნალობამ, შეიძლება გააუმჯობესოს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეამციროს, როგორც ჯიბიდან დანახარჯები, ისე ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ფინანსები.

დეპუტატის თქმით, საქართველომ დროულად უნდა მოახერხოს GMP საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა, რაც დაარეგულირებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს და გაზრდის ფარმაცევტული პროდუქტის  ხარისხს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში.

“დღემდე პრობლემად რჩება „სააფთიაქო ნარკომანია“. უკანასკნელ წლებში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ჩანს, ამ დანაშაულს ფულადი ჯარიმების დაკისრებით ვერ შევაჩერებთ. საჭიროა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება, რაზეც  ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობას დაიწყებს. ჩვენ შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ, ამ სფეროში, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, საკანონმდებლო ბაზის რევიზიაზე და საჭირო მექანიზმების შემუშავებაზე”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები