უხეშად რომ არ გამომივიდეს, ორივე პარტია ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია – კახა კალაძე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მადლობა უხდის მათ ამომრჩეველს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის პარტიები ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია.

“მე გამიჭირდება “რუსთავი 2”-ის მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლებზე პასუხი, უბრალოდ ვიტყვი, რომ თუ გადავხედავთ წლების განმავლობაში მათ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს, არჩევნების რეალური შედეგი ყოველთვის დგებოდა სხვა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი ეგზიტპოლები გაყალბებულია. ​ეს ორივე პარტია წარმოადგენს ერთ დიდ “ნაციონალურ მოძრაობას”. უხეშად რომ არ გამომივიდეს და ყველასთვის გასაგები იყოს, ეს არის გამხმარი ხის ორი ტოტი”, – განაცხადა კახა კალაძემ ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ძალიან მშვიდ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი ხედვა მიეწოდებინათ ამომრჩევლისთვის.

“წინასწარ მონაცემებს რაც შეეხება, დიდი უპირატესობით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი ეს გამარჯვება მიმდინარეობს დათვლის პროცედურები. 20:00 საათზე დაიხურა ყველა უბანი და როდესაც გვექნება უკვე ხმების დათვლის შედეგად მიღებული ციფრები, ცესკო უკვე ოფიციალურად გამოაცხადებს შედეგებს. ​ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, და ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას სალომე ზურაბიშვილს”, – აცხადებს კახა კალაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღეს რიგითIV პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების შედეგად ლიდერობს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მას მოსდევს “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და პარტია “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გამარჯვებას ულოცავენ გრიგოლ ვაშაძეს და აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტურში ის უპირობოდ გაიმარჯვებს.

 

მსგავსი თემები