“უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, გარეთაც პასუხს მოვთხოვთ” – მეუფე იაკობი

ბოდბის მონასტერში ქრისტესშობა იზეიმეს. სადღესასწაულო მსახურება, მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.

საშობაო წირვის შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქვეყანაში ბოლო დრო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე, მეუფე პეტრე ცაავაზე და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე.

“ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანებს ჭკუა აქვს, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვს მას. დღეს არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა – რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან. ერთია, რას იძახი და მეორე – რას ამტკიცებ. ზოგი ღვთის შვილი ღმერთის გზას მიყვება, ზოგი, სამწუხაროდ, აცდენილია. ღმერთმა უშველოს ყველას. ვისურვებდი ცოტა მეტად იფიქრონ. როდესაც გვყავს მამა და შეურაცხყოფენ, მის გვერდით ვარ ამდენი წელია და ჩემზე მეტს რას ხედავენ, ისინი სად და ვისთან ერთად დადიან, გადახედონ. 

თქვან, რა იციან, ბოლომდე ამოიღონ ხმა, სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ. რა ცოდვამ დააკავშირა ისინი ერთმანეთს, მაგასაც გაჩვენებთ. 

ნუ ჰგონიათ, ბოლომდე ჩუმად ვიქნები. ღმერთს შევთხოვ, ვიღაცები გონებაზე მოიყვანოს. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთ პასუხს მოვთხოვთ,”- აღნიშნა მეუფემ. 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა,დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე განმარტა, რომ პრეზიდენტმა პატრიარქის და საპატრიარქოს შეთავაზება არ გაითვალისწინა.

მეუფე იაკობმა კითხვაზე იგეგმება თუ არა, უახლოეს პერიოდში სინოდის სხდომის ჩანიშვნა, განაცხადა, რომ თუ გაიმართება მეუფე პეტრეს საკითხს განიხილავენ.

ამასთან, მეუფე იაკობმა, პირობა დადო, რომ პატრიარქის შეურაცხყოფის გამო, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას პასუხი მოეთხოვება.

“პეტრე რომ გამოდის და ზედმეტებს ლაპარაკობს ალბათ, მოუწევს მაგაზე პასუხი, ალბათ, კი არა მოუწევს და ვაგებინებ პასუხს,“ – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები